ნოტრ-დამი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ნოტრ-დამი აგებულია
ქრისტიანული ბაზილიკის ადგილას. იგი ადრეული გოთური
არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა.ტაძარი
შენდებოდა საუკუნეზე მეტ ხანს. მშენებლობის დაწყება უკავშირდება
ეპისკოპოს მორის დე სიულის სახელს. ტაძრის შენება დაიწყო
ქოროებით,რაც 1182 წელს დამთავრდა. მთავარი კორპუსი
დასრულდა 1196 წელს, ხოლო დასავლეთი ფასადი , თავისი
პორტალებით-1208 წელს.ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო
XIII-ს-ის შუა წლებში,როცა ტრანსეპტის ფრთებმა შეიძინა
დამატებითი საყრდენები. ტაძრის მოცულობის გაზრდის მიზნით
არქიტექტორ ჟან დე შელის ხელმძღვანელობით დაიწყეს გვერდითი
ნავებისა და ქოროებში კაპელების მშენებლობა. დროთა განმავლობაში
სხვადასხვა მოვლენებმა :ომებმა,ნგრევამ-გამოიწვიეს ტაძრის
პირვანდელი სახის დაკარგვა.ეს განსაკუთრებით ეხება საფრანგეთის
რევოლუციის პერიოდს, როცა (1793 წელს) მას დაემუქრა დანგრევის
საშიშროება, თუმცა გადარჩენილ იქნა რობესპიერის მეოხებით.
შემდგომში, 1802 წელს ტაძარი განახლდა, რაც უკავშირდებოდა
ნაპოლეონ I-ის კორონაციას. საბოლოო რესტავრაცია ტაძარში
ჩატარებული იქნა ვიოლელე დიუკის მიერ, 1844-1864 წლებში. 1871
წელს ტაძარი გადაურჩა დაწვას.
ტაძრის ფასადი მასიური და დიდებულია, პილასტრებით დაყოფილია
ვერტიკალურად სამ ნაწილად, ხოლო ჰორიზონტალურად გალერეებით
სამ იარუსად, რომელთაგან ქვედას აქვს სამი ღრმა პორტალი. მათ
ზემოთ მოდის თაღეთი ე.წ. ''მეფეთა გალერეა'', შემდგარი 28
ქამდაკებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ისრაელისა და იუდეის
მეფეებს. სწორედ მათ დაემუქრა მოსპობა 1793 წელს (რევოლუციის
დროს) ეგზალტირებული ბრბოსგან. ცენტრალურ იარუსზე
მოთავსებულია დიდი (10 მ-ის დიამეტრის) აჟურული ფანჯარა-
ვარდული. მის ორივე მხარეს განლაგებულია ორი უზარმაზარი
წყვილი თაღოვანი ფანჯარა. ამ იარუსის სკულპტურულ დეკორს
ქმნის ქანდაკებები; მადონა ყრმით და ანგელოზებით (ცენტრში),
გვერდებზე- ადამ და ევას ფიგურები. შემდგომ იარუსზე ისევ
გალერეაა, ნატიფად შესრულებული თაღედების მთელი სისტემით,
რომელიც აერთიანებს ორ განაპირა კოშკს, ისინი ბოლომდე
დასრულებული სახით არ არის, თუმცა მნახველზე არაჩვეულებრივ
ზემოქმედებას ახდენენ თავიანთი შეისრული წყვილი ფანჯრებით.
ფასადის გაფორმებაში დიდ როლს ასრულებს ქანდაკება.
ეს განსაკუთრებით ჩანს პორტალების გაფორმებისას. ცენტრალურ
პორტალზე გამოსახულია გოთიკის ეპოქის შემოქმედთა ერთ-ერთი
საყვარელი სიუჟეტი- საშინელი სამსჯავრო. თითოეული ფიგურა,
სცენა შესრულებულია უდიდესი ოსტატობით. მარჯვენა პორტალი
წმ. ანას სახელობისაა, აგებულია 1160-1170 წლებში. მასზე
გამოსახული რელიეფები XII-XIII საუკუნისაა. პილასტრზე
გვხვდება V ს. პარიზელი ეპისკოპოსის, წმ. მარსელის გამოსახულება.
აქვეა ეპისკოპოს მორის დე სიულის და ლუდოვიკო VII-ის
ქანდაკებები. მარცხენა პორტალი წმ. ქალწულის სახელობისაა.
ეს ყველაზე ფაქიზი და დახვეწილია სკულპტურული თვალსაზრისით.
No comments:
Post a Comment